თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების სპეციალურ კურსს პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
ტრენინგის პირველი ეტაპი თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღების ექთნებისთვის კლინიკის ბაზაზე ჩატარდა და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის.
„საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“. კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალის მუშაობა ბაღებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშინ, როდესაც თითოეულ ექთანს უწევს 200-დან 800-მდე ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივად განახლებული ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე და ასევე გაატარონ სათანადო პრევენციული ღონისძიებები,“ – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და მადლობა გადაუხადა ნიუ ჰოსპიტალსის ბავშთა ჯანმრთელობის ცენტრს თანამშრომლობისათვის.
კურსის დასრულების შემდეგ ექთნებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლების მეორე ეტაპი სააღმზრდელო წლის დაწყებისთანავე ჩატარდება და მას ბაღებში დასაქმებული ყველა ექთანი გაივლის.