თბილისის მერიაში გამართულ სხდომაზე კახი კალაძემ დედაქალაქში განხორციელებულ და ასევე განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა. მათ შორის მეტროპოლიტენის საკითხზე, რომელიც მისივე განმარტებით ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს სატრანსპორტო სისტემაში.
„მეტროში არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ვაგონების თვალსაზრისით, ასევე გვირაბებში არსებული სიტუაცია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება. დაახლოებით 450 კმ-ზე გამოიცვლება კაბელები. მთლიანად შეიცვლება გამნიავებლების სისტემა თავისი აგრეგატებით. მეტრო ერთი საათით ადრე იკეტება, რისთვისაც მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით და უახლოესი სამი წლის განმავლობაში, თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი, ანუ 10 შემადგენლობა შეემატება. მოხდება იმ ვაგონების რეკონსტრუქციაც, რომელიც შეკეთებას ექვემდებარება. პროექტი, რომელიც მერმა დაასახელა, 60 მილიონი ლარს შეადგენს.
მერის განცხადებით, მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის, დაიწყება სადგურების რეაბილიტაციაც.