LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერობის კანდიდატების  დეკლარირებული ქონება

არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.  თბილისის მერობისთვის ათამდე კანდიდატი იბრძვის. ცხადია, მათი შანსები განსხვავებულია, მაგრამ ფაქტია, რომ მერი ერთ-ერთი მათგანი გახდება. მერად არჩევის შემდეგ  მას ქონებრივი დეკლარაციის შევსება მოუწევს ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეებს.

„ფორტუნა“ თბილისის მერობის კანდიდატების დეკლარირებულ ქონებრივ მდგომარეობას გთავაზობთ, რომელიც, ცხადია, მათ მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციებს ეყრდნობა.  მათ ნაწილს დეკლარაცია საერთოდ არა აქვს შევსებული და, შესაბამისად, მათი ქონებრივი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.  კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეებს დეკლარაციის შევსებას არ ავალდებულებს. თუმცა, იმის გამო, რომ თბილისის მერობისთვის რამდენიმე მოქმედი  საჯარო მოხელე იბრძვის, მათ დეკლარაციები შევსებული აქვთ ან ჰქონდათ. „ფორტუნა“ სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობა.  

 

კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 31 იანვარს შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კალაძის პირად მფლობელობაში 4 ბინა, 1 საცხოვრებელი სახლი, 2 აგარაკი, 7 მიწის ნაკვეთი, 1 ავტოფარეხი, 2 არასაცხოვრებელი ფართი და 6 ფერწერული ტილო აქვს. 

ბინები

  • კახა კალაძის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე #23—23ა-ში მდებარე ბინა 367.60 კვ.მ. ფართობისაა, რომელიც ნასყიდობით აქვს შეძენილი 71,280 ლარად.
  • მერობის კანდიდატს, ასევე, თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე #76/80-ში 396 კვ.მ. ფართობის ბინა აქვს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეს ბინა კალაძეს აჩუქეს.
  • 2 ბინა კახა კალაძეს უკრაინაშიც აქვს: ერთი კიევში, გამარჯვების გამზირზე, 39, 220,00 კვ.მ-ის ფართობის, რომელიც 150,000 ამერიკულ დოლარად აქვს შეძენილი; ხოლო მეორე ბინა – ასევე, კიევში, შევჩენკოს გამზირზე, 11,250,00 კვ.მ-ის ფართობის, შეძენილი აქვს 700,000 ამერიკულ დოლარად.

საცხოვრებელი სახლი

კახა კალაძის ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მერობის კანდიდატს ერთი საცხოვრებელი სახლი აქვს სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე N 207-ში. სახლის ფართობი 410 კვ.მეტრია და ის კალაძეს აჩუქეს.

აგარაკები

  • კახა კალაძეს ერთი აგარაკი დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე N 8-ში, 697,60 კვ.მეტრის ფართობის აქვს, რომელიც, როგორც ირკვევა, მერობის კანდიდატს აჩუქეს.
  • ასევე, აჩუქეს მეორე აგარაკიც – დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე N 10-ში, 735,20 კვ.მეტრის ფართობის.

მიწის ნაკვეთები

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საკუთრებაში 7 მიწის ნაკვეთია:

  • ერთი მათგანი, რომელიც სამტრედიაში, რესპუბლიკის ქ. N 207-ში მდებარეობს და 2380,00 კვ.მ-ის ფართობისაა, კალაძეს აჩუქეს.
  • ასევე, კახა კალაძეს აჩუქეს დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქ. N 8-ში მდებარე, 1060,00 კვ.მეტრის ფართობის და, ასევე, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქ. N 10-ში, 1058,00 კვ.მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთები;
  • კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში ვ. გორგასლის ქ. N 7-ში მდებარე, 1139,00 კვ. მეტრის ფართობისაა, რომელიც კახა კალაძემ 298,000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.
  • მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ მდებარეობს, 3031,00 კვ.მეტრის ფართობისაა. ნაკვეთი კალაძემ 20,000 ლარად შეიძინა. კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედაა განთავსებული, 2000,00 კვ.მეტრის ფართობისაა და კალაძემ მასში 80,000 ამერიკული დოლარი გადაიხადა.
  • ერთი მიწის ნაკვეთი კი მერობის კანდიდატს კიევში კონჩაზასპაში, 3000,00 კვ.მეტრის ფართობის აქვს, რომელშიც კალაძემ 800,000 ამერიკული დოლარი გადაიხადა.

ავტოფარეხი

კახა კალაძე თბილისში, ბურძგლას ქ. N 80-ის მიმდებარედ, 35 კვ.მეტრის ავტოფარეხს ფლობს, რომელიც, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას აჩუქეს.

არასაცხოვრებელი ფართები

კახა კალაძის მფლობელობაშია 2 არასაცხოვრებელი ფართი, ორივე ნასყიდობის გზით აქვს შეძენილი. ორივე მათგანი სამტრედიაში, რუსთაველის ქ. N 23-ში მდებარეობს, ერთი 93,90 კვ.მეტრის ფართობისაა და მასში მერობის კანდიდატს 60,000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი; ხოლო მეორეში, რომელიც 76,20 კვ.მეტრის ფართობისაა, – 55000 აშშ დოლარი.

მსუბუქი ავტომანქანები

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძის მფლობელობაში 5 მსუბუქი ავტომანქანაა. ყველა მათგანი ნასყიდობის გზით აქვს შეძენილი:

  1. BENTLEY CONTINENTAL – 135,000 აშშ დოლარის ღირებულების;
  2. MERCEDES G63 – 140,000 ევროს ღირებულების;
  3. FERRARI GTO – 360000 ევროს ღირებულების;
  4. FIAT 500 BI POSTO – 50000 ევროს ღირებულების;
  5. MERCEDES BENZ AMG GTS – 145000 ევროს ღირებულების.

მოტოსატრანსპორტო საშუალებები

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი 3 მოტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს. სამივე მათგანი ნასყიდობის გზით აქვს შეძენილი:

1.HARLEY DAVIDSON SPRINGER – 25000 ევროს ღირებულების;

  1. HARLEY DAVIDSON BOBBER – 20000 ევროს ღირებულების;
  2. HARLEY DAVIDSON V ROD – 28000 ევროს ღირებულების.

ფერწერული ტილოები

კალაძე ასევე ფლობს 6 ფერწერულა ტილოს – ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის  3-3 ნამუშევარს.

 არც კახა კალაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს.

რაც შეეხება არსებულ საბანკო ანგარიშებს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში კალაძის:

  • „პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე იყო – 970.18 აშშ დოლარი;
  • „ინტეზა სან პაოლოს“ მიმდინარე ანგარიშზე – 900,000 ევრო და 3, 600, 000 აშშ დოლარი;
  • „jiulius baer“-ის მიმდინარე ანგარიშზე – 3,900,000 ევრო;
  • „ქართუ ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 252219,75 ევრო;
  • „ბანკი ქართუს” მიმდინარე ანგარიშზე – 87,57 ლარი;
  • „ბანკი ქართუს” საბარათე ანგარიშზე – 3654,88 აშშ დოლარი;
  • „საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 136,08 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის” მოთხოვნამდე ანაბარი შეადგენდა – 21301,54 ევროს.

კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის ანაბარი „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 10001 ევროს ოდენობისაა.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძე ნაღდი ფულის სახით ფლობდა 20,000 ამერიკულ დოლარს.

სამეწარმეო საქმიანობა

კახა კალაძე არის:

  • შპს „kala capital limited-ის“ (კვიპროსი ლიმასოლი ნიკოლაუ პენტადრომი) ცენტრი 1002 3025 – ის 100%-იანი წილის მფლობელი; საწარმოს კაპიტალის ოდენობა შეადგენს 2176,29 ევროს;
  • შპს „კოლხეთის“ (საქართველო ქობულეთი აღმაშენებლის 285) 100%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს კაპიტალის ოდენობა შეადგენს 2301950 ლარს;
  • შპს ООО «ЮКА»-ს (უკრაინა г. Киев проспект 40-летия Октября, 89) 33%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს კაპიტალის ოდენობა შეადგენს 420000 უკრაინულ გრივნას. მისი პარტნიორია იულიან გაბოვიჩი. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 480000 აშშ დოლარს.
  • შპს ,,ნესტ გრუპის“ (უკრაინა კიევი, ვიბორზკაია 99) 50%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს კაპიტალის ოდენობა შეადგენს 470000 უკრაინულ გრივნას. მისი პარტნიორია მარინა გაბოვიჩი. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 250000 ევროს.

კახა კალაძის მეუღლე, ანა არეშიძე არის შპს „ანოუკის“ (საქართველო თბილისი მ.ჭიაურელის ქ., N 11, ბ. 11) 100%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს კაპიტალის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან კახა კალაძეს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლის ხელფასის სახით აღებული აქვს 58,563 ლარი.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/32228

 

ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბერს შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხოშტარიას პირად მფლობელობაშია 1 საცხოვრებელი სახლი, 2 მიწის ნაკვეთი და 1 აგარაკი. ელენე ხოშტარიას მეუღლის, ირაკლი ბერიძის, პირად საკუთრებაშია 4 ბინა. ის, ასევე, არის 1 ბინის 25%-ის წილის მფლობელი. 

საცხოვრებელი სახლი

ელენე ხოშტარიას ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მერობის კანდიდატს აქვს 1 საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში, 423 კვ. მეტრის ფართობით, რომლის ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

მიწის ნაკვეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის საკუთრებაში 2 მიწის ნაკვეთია:

  • ერთი თელავში, კახეთში, სოფელ იყალთოში მდებარებს. მისი ფართობი – 5179 კვ. მეტრს შეადგენს და ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
  • მეორე ტაბახმელაში მდებარეობს, რომლის ფართობი – 1502 კვ.მეტრია და არც ამ მიწის ფართობის ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

აგარაკი

ელენე ხოშტარიას აქვს ერთი აგარაკი თელავში, იყალთოში, რომლის ფართობი – 180.60 კვ.მეტრია და რომლის ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ელენე ხოშტარიას მეუღლე, ირაკლი ბერიძე, 4 ბინას ფლობს:

  • ერთი მათგანი თბილისში, საბურთალოს ქ. 34-ში მდებარეობს. მისი ფართობი – 185 კვ.მეტრია. ამ ბინის ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
  • მეორე ბინა, ასევე, თბილისი, სულხან ცინცაძის 12-ში მდებარეობს. მისი ფართობი – 60 კვ.მეტრია. ბინის ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
  • მესამე ბინაც თბილისში, სულხან ცინცაძის 12-ში მდებარეობს. ამ ბინის ფართობი – 60 კვ.მეტრია და მისი ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
  • მეოთხე ბინა თბილისში, საბურთალოს ქ. 34-ში მდებარეობს. ბინის ფართობი – 185.00 კვ. მეტრია და მისი ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ირაკლი ბერიძე კიდევ ერთი ბინის 25%-იანი წილის მფლობელია. ბინა თბილისში, დოლიძის N7-ში მდებარებს. ბინის ფართობი – 66.43 კვ.მეტრია. ბერიძის მეწილეები ნატო გაბისონია, ნიკოლოზ ჩუბინიძე და კახა ბერიძე არიან.

ელენე ხოშტარიას მეუღლე, ირაკლი ბერიძე ორ ფასიან ქაღალდს ფლობს:

  • BGEO Group PLC-ის აქციას; ფასიანი ქაღალდის ნომინალი შეადგენს 30 ბრიტანულ სტერლინგს. ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 480-ია.
  • ასევე, JSC Medical Corporation EVEX-ის ობლიგაციას; ფასიანი ქაღალდის ნომინალი შეადგენს 1068 აშშ დოლარს. ფასიანი ქაღალდების რაოდენობა რვაა.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ელენე ხოშტარიას „თი ბი სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1000 ლარი, ხოლო „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 100 ლარი ჰქონდა.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. ხოშტარია „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორია, მას 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“ ხელფასის სახით აღებული აქვს 40,000 ლარი.

ხოშტარია, აგრეთვე, არის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი. 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით აღებული აქვს 24,000 ლარი.

ელენე ხოშტარიას მეუღლე, ირაკლი ბერიძე, სამშენებლო კომპანია M2-ის დეველოპმენტის დირექტორია და მას 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით აღებული აქვს 102, 000 ლარი.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/32253

 

გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ, ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 16 მაისს შეავსო. თუმცა „ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსის, ქეთი დოლიძის, თქმით, 2012 წლის შემდეგ გიორგი გუგავას ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გუგავას პირად მფლობელობაშია 1 მიწის ნაკვეთი, 1 ბინა და 1 მსუბუქი ავტომანქანა, ხოლო გიორგი გუგავას მეუღლე, თეა ჭანტურია, 1 საცხოვრებელ ფართს ფლობს.

ბინა

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატის ბინა თბილისში, მიროტაძის #1-ში მდებარეობს. ბინის ფართობი 88 კვ. მეტრია. ქონებრივ დეკლარაციაში ბინის ღირებულება მითითებული არ არის.

მიწის ნაკვეთი

გუგავას ხონში, სოფელ კუხში 2500 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს, რომლის ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ავტომანქანა

რაც შეეხება ავტომანქანას, გიორგი გუგავა 1999 წლის mercedes e-270-ს ფლობს, რომლის ღირებულებაც ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

საცხოვრებელი ფართი

გიორგი გუგავას მეუღლის, თეა ჭანტურიას მფლობელობაში ერთი საცხოვრებელი ფართია, რომელიც სამტრედიაში, სოხუმის #4-ში მდებარეობს. საცხოვრებელი ფართი 50 კვ. მეტრის ფართობისაა და მისი ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

არც გიორგი გუგავა და არც მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი გუგავას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ბარათზე არსებული ნაშთი 500 ლარს შეადგენდა.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი 4,000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდ ფულს არ ფლობდა.

არც გიორგი გუგავა და არც მისი ოჯახის წევრები არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

2012 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გუგავას პარლამენტის წევრობის ხელფასის სახით აღებული აქვს 40,100 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში გუგავა, ასევე, არ ფლობდა ისეთ საჩუქარს, რომლის ღირებულებაც 500 ლარს აღემატება.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/6171

 

ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 13 იანვარს შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინაშვილის პირად მფლობელობაშია 1 ბინა, 1 არასაცხოვრებელი ფართი, 1 მიწის ნაკვეთი და 1 მსუბუქი ავტომობილი.

ირმა ინაშვილს ბინა ბორჯომში, ლიკანში, მესხეთის ქ. 43-ში, რომლის ფართობიც 49 კვ.მეტრია, ნასყიდობით აქვს შეძენილი. ბინის ღირებულება 10,000 აშშ დოლარია.

რაც შეეხება არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც დუშეთში, სოფ. ბაზალეთში მდებარეობს და რომლის ფართობიც 2100 კვ.მეტრია, ინაშვილს მემკვიდრეობით ერგო.

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს, ასევე, მემკვიდრეობით ერგო მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე მდებარეობს და 330 კვ.მეტრის ფართობისაა.

ინაშვილის მფლობელობაშია NISAN ARMADA-ს მოდელის მსუბუქი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც 14,000 აშშ დოლარია. ირმა ინაშვილს აღნიშნული ავტომანქანა ნასყიდობით აქვს შეძენილი.

ირმა ინაშვილის მეუღლის, კახაბერ კევლიშვილის მფლობელობაში 1 ბინა და 1 არასაცხოვრებელი ფართია. ბინა, რომელიც თბილისში, თამარაშვილის ქ. 13-ში მდებარეობს და რომლის ფართობიც 90 კვ.მეტრია, კევლიშვილს მემკვიდრეობით ერგო. ასევე, მემკვიდრეობით ერგო არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც თბილისში, დიდ დიღომში, ი. პეტრიწის ქ. 4-ში მდებარეობს და რომლის ფართობი 110 კვ.მეტრია.

არც ირმა ინაშვილი და არც მისი მეუღლე ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ირმა ინაშვილის:

  • „თი ბი სი“ ბანკის საკრედიტო ანგარიშზე იყო – 5000 აშშ დოლარი;
  • „თი ბი სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე იყო – 200 აშშ დოლარი;
  • „თი ბი სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე იყო – 300 ლარი.

2016 წლის 18 ნოემბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით ირმა ინაშვილს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ხელფასის სახით მიღებული აქვს 5844 ლარი.

ინაშვილს 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით აღებული აქვს 10,200 ლარი.

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატს დედისგან საჩუქრად მიღებული აქვს 7000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/32199

 

გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 28 ივნისს შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვაშაძის პირად მფლობელობაშია 1 ბინა და 1 ავტოფარეხი.

გიორგი ვაშაძის ბინა თბილისსი, მცხეთის ქ. 6-ში მდებარეობს. ბინის ფართობი – 106 კვ.მეტრია. აღნიშნული ბინის ღირებულება ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის. 

არც თბილისში, მცხეთის ქ. 6-ში მდებარე, 30 კვ.მეტრის ფართობის ავტოფარეხის ღირებულებაა მითითებული დეკლარაციაში.

გიორგი ვაშაძის მეუღლის, ქეთევან სიჭინავას, პირად მფლობელობაშია 100 კვ. მეტრის ფართობის არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც თბილისში, სტანისლავსკის ქ. 5-ში მდებარეობს. აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის.

გიორგი ვაშაძე არ ფლობს ისეთ მოძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც 10,000 ლარს აღემატება. ვაშაძე არც ფასიან ქაღალდებს არ ფლობს.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, გიორგი ვაშაძის:

  • „რესპუბლიკა“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე იყო 7551 ლარი;
  • „საქართველოს“ ბანკის ანაბრის ანგარიშზე იყო 05 აშშ დოლარი.

გიორგი ვაშაძის მეუღლის, ქეთევან სიჭინავას:

  • „რესპუბლიკა“ ბანკის საკრედიტო ანგარიშზე იყო 1036 ლარი;
  • „თი ბი სი“ ბანკის დეპოზიტზე იყო 5568 ლარი;
  • „თი ბი სი“ ბანკის დეპოზიტზე იყო 5500 ევრო;
  • „თი ბი სი“ ბანკის ანაბარზე იყო 5736 ევრო;
  • „თი ბი სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე იყო 29555.74 ლარი;
  • „თი ბი სი“ ბანკის ანაბარზე იყო 5628 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 5300 ლარი, ხოლო მის მეუღლეს – 3700 აშშ დოლარი.

გიორგი ვაშაძეს 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ხელფასის სახით აღებული აქვს 61,665 ლარი. ვაშაძის მეუღლეს, ქეთევან სიჭინავას, რომელიც „ფონსი ლიბერალური კვალის“ დირექტორია, 2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით აღებული აქვს 15,000 ლარი; ხოლო „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დირექტორის ხელფასის სახით – 146,870 ლარი.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/28064

 

თენგიზ შერგელაშვილი

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 22 ივნისს შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შერგელაშვილის პირად მფლობელობაში არსებული არც მოძრავი და არც უძრავი ქონება საჯარო არაა. 

ცნობები არც ფასიან ქაღალდებზეა ხელმისაწვდომი.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, თენგიზ შერგელაშვილის:

„რესპუბლიკა ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე იყო 78 ლარი;

„თი ბი სი“ ბანკის სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე იყო 38 ლარი;

„ბაზის“ ბანკის საკრედიტო ანგარიშზე იყო 95 ლარი;

„ლიბერთი“ ბანკის საკრედიტო ანგარიშზე იყო 71 ლარი.

2016 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თენგიზ შერგელაშვილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ხელფასის სახით მიღებული აქვს 745,540 ლარი. თუმცა, თავად თენგიზ შერგელაშვილის თქმით, შევსებულ დეკლარაციაში არის შეცდომა. როგორც მან “ფორტუნასთან” აღნიშნა, 745,540 ლარის ნაცვლად უნდა ეწეროს 74,554  ლარი.

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/28003

 

დანარჩენებს  –  „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს,  „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატს, კახა კუკავას და თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს,  ქონებრივი დეკლარაცია ამ დრომდე შევსებული არ აქვთ. 

 

თათია კაკიაშვილი