LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინაპლიკაციის მომხმარებელი ერთ მომხმარებლად გაერთიანდება

58
Untitled design (2)

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად იგეგმება.

ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს:

“ბევრჯერ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტრონული მუნიციპალური სერვისები, მათი გამართულად მუშაობა, რათა ადამიანებს არ დასჭირდეთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ან გამგეობაში მისვლა და შეეძლოთ, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით, კომპიუტერით მიიღონ სხვადასხვა მუნიციპალური სერვისი. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობის დროს, მოქალაქეებს უწევდათ, რომ ყველა აპლიკაციაში შესვლისას ჰქონოდათ სხვადასხვა ანგარიში, სხვადასხვა პაროლი, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა.

შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმით, შესაძლებელია, იყოს ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი.

მომხმარებელთა მონაცემების გაერთიანება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 აგვისტოს. 15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ”, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს.

“მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399, სადაც მაქსიმალურად დაგეხმარებიან და ყველაფერს აგიხსნიან”, – თქვა  კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები