LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას – მაია ბითაძე

collage

თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, გააკეთა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სასტუმრო ბუდაპეშტის დირექტორის, გიორგი ზაქაიძის, განცხადებას, რომლის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის მთავარ პარკს ზიანს არ მიაყენებს. ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები – კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე სასტუმრო ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე, რაც არის დაუშვებელი,” – აღნიშნა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს სასტუმროს მშენებლობის პროცესის გარკვეული დროით შეჩერებაში.

„ეს არის თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დროს მიღებული კიდევ ერთი მძიმე, მეტიც, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ხელი შეუშალეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სწორედ მათი ძალისხმევით შეჩერდა პროცესი და მოვიდა დღემდე. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა გზას, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. თბილისის მერია მზადაა, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს და ქალაქის, პარკის და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ვიმსჯელოთ კონსენსუსზე. რაც მთავარია, ამ საქმეში ჩვენ გვაქვს თბილისელების მხარდაჭერის დიდი იმედი,”-განაცხადა მაია ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები