LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ადგილზე გაკრულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია – ეს არის სამართალდარღვევა“

125
რადიო „თავისუფლების“ ფოტო - პლაკატები

თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის განცხადებით, დედაქალაქში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოქვეყნებულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს.

„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს.

მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”, – განაცხადა კახაბერ გულედანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის პლაკატები, რომელიც ქალაქში გამოჩნდა, მათ შორის „ქართული ოცნების” მხრიდანაც გაკრული იყო და სანქციები მათაც ეკისრებათ, თუ მათ ნებართვა აღებული ჰქონდათ, რაზეც დედაქალაქის მერის მოადგილემ უპასუხა:

„როგორც გითხარით, ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს.”

ფოტო: რადიო „თავისუფლება“