LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია შშმ ბავშვებისთვის ხუთ პროგრამას ახორციელებს

95
შშმ ბავშვები

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.

იმ პროგრამებზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი შშმ ბავშვებისთვის ახორციელებს, თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა:

“თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. მინდა, გამოვყო რამდენიმე მათგანი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია – პირველი, ეს არის “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა” და დღეისთვის, ამ პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს;

ასევე, მნიშვნელოვანია “შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა”, რომლის ფარგლებში, წელს 800 ლარის ღირებულების 2 300-მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა.

ვაუჩერის ფარგლებში, მშობელი თავად ირჩევს საქართველოში დასასვენებელ ადგილს, იქნება ეს მთის თუ ზღვის კურორტი და მერიის ვაუჩერის ფარგლებში იღებს მომსახურებას;

მნიშვნელოვანია “სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა 800-ლარიანი დახმარების პროგრამაც”, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად, 1 300-მდე პირი იღებს დახმარებას;

გარდა ამისა, მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამას, რომლის ფარგლებში, წლის განმავლობაში 900-ლარიანი დახმარება გაიცემა. დახმარებას წელიწადში 623 უსინათლო პირი იღებს”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ახორციელებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადება/პროექტები ფინანსდება.

თბილისის მერის განცხადებით, ასეთი პროექტებია მაგალითად, “ხის საწარმოს” დაფინანსების და უსინათლო პირთა გამცილებლის პროექტი.

“ამასთან, შშმ პირები სხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებისას პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მომდევნო წლიდან სიახლეები შემოვიტანოთ, ახალი პროგრამები განვახორციელოთ და ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფოტო სლაიდერზე: UNICEF
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები