მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს.
პროგრამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ დღეს ისაუბრა:
“ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა რომელიც სოციალურად დაუცველ წარმატებულ სტუდენტებს აფინანსებს.
ვამატებთ კიდევ ერთს საინტერესო მიმართულებას. თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით.
დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებსაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია – ყველა ასეთ სტუდენტს დავეხმარებით და ექნებათ ხელშეწყობა.
სტუდენტის დაფინანსების გაცემა მოხდება წელიწადში ორჯერ – სემესტრულად.დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილი საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულებზე.
იქნება 100 %-იანი, 70 %-იანი დაფინანსებები, რაც, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და შშმ პირებს.
მინდა ანდრია ბასილაიას დავავალო, ამასთან დაკავშირებით ვრცლად გავაკეთოთ განმარტებები.
უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, მ განვახორციელოთ სტუდენტთა დაფინანსების წესში შესაბამისი ცვლილებები, რომ მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.