„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია თანხებს ზოგავს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, უფასო სასადილოს ბენეფიციარი არც ერთი ოჯახი არ დარჩება ნობათის გარეშე:
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია საახალწლო ნობათის გარეშე ტოვებს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არიან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად, დარჩება ნობათის გარეშე.
საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით. მაგალითად, 2-3-სულიან ოჯახს გადაეცემა ორი კალათი, 4-5-სულიან ოჯახს – სამი კალათი, 6-7-სულიან ოჯახს – ოთხი კალათი და ა.შ.
სულადობის მიხედვით ნობათების გაცემის პრაქტიკა მოქმედებს უკვე არაერთი წელია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო კალათების შემადგენლობა, გახდა გაცილებით მრავალფეროვანი, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ აღნიშნული შემადგენლობის მქონე რამდენიმე ნობათს. პროდუქტების რაოდენობა განსაზღვრულია ისე, რომ მისი მოხმარება შეძლოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ადამიანმა“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.