LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობას და კვლევებს დააფინანსებს – ვის შეუძლია ისარგებლოს პროგრამით?

143
1548832435-kibostan-brzola-stumari.mp4-20190130-111337.814

თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარებს დამატებით კვლევებს დაუფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“ 2020 წლიდან დაიწყო.

რა ახალი შესაძლებლობებით ისარგებლებენ ბენეფიციარები? – აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერია პროგრამის ბენეფიციარებს გარდა მედიკამენტებისა, თავის ტვინის ან/და ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს.

„2020 წლის მარტიდან დაიწყო ეს პროგრამა. თავიდან პროგრამა ითვალისწინებდა ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას, რაც აუცილებელია ამ ადამიანების შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ხოლო 2022 წლიდან, რაც მერის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო განსაზღვრული, უკვე დამატებით დაემატა ე.წ კვლევების ნაწილიც, რომელიც გულისხმობს ძვირადღირებული, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსებას, როგორც ზურგის ტვინის ასევე თავის ტვინის, რაც მნიშვნელოვანია ამ პაციენტებისათვის, რათა განისაზღვროს მედიკამენტების ეფექტურობა.

100-მდე პაციენტს, რომელიც დღეს ჩართულია გაფანტული სკლეროზის პროგრამაში, მერია დაუფინანსებს ამ ძვირადღირებულ გამოკვლევას.

სულ 100-მდე ადამიანია, ვინც ჩართულია პროგრამაში და რომელთაც უფინანსდებათ ძვირადღირებული მედიკამენტები.

დარგის ექსპერტები განსაზღვრავენ ამის საჭიროებას. მათ შუალედური გამოკვლევებისათვის სჭირდებათ მონიტორინგი, რათა პრეპარატის ეფექტურობა განისაზღვროს. ეს გამოკვლევები არ იყო ჩადებული აქამდე ამ პროგრამაში და 2022 წლიდან ჩაიდო და ესეც უფასო იქნება.

მერიის დაფინანსებაზე არ არის გარკვეული ასაკობრივი კატეგორია განსაზღვრული, პრაქტიკულად იღებს ყველა ის ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.

ამას განსაზღვრავს უშუალოდ მკურნალი ექიმი, რომელიც ე.წ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ სვამს დიაგნოზს და უკვე ისინი ავტომატურად ერთვებიან მერიის პროგრამაში ამ დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ და მთლიანი კურსი რაც საჭიროა ამ მედიკამენტების დასაფინანსებლად მერია ფარავს.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად აფინანსებს მერია გაფანტული სკლეროზის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კვლევებს, გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა:

ერთადერთი კვლევა რითაც ხდება გაფანტული სკლეროზის დადგენა არის სწორედ თავის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, შესაბამისად, საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაცია, რათა დადგინდეს შესაბამისი სიმპტომატიკა.

სწორედ ეს იქნება უფასო ამ ბენეფიციარებისათვის.

რადიო „ფორტუნას“ ეთერში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ დედაქალაქში რეგისტირებულ პირებს.

ჩვენი მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამებისათვის ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ პირი უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული.

განსხვავებულია ეს ვადები რამდენი ხანი უნდა იყოს ჩაწერილი თბილისში, მაგრამ მინიმალური არის 1 წელი,“-აღნიშნა ჩივიაშვილმა.

გელა ჩივიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ასევე ისაუბრა იმ პროგრამის შესახებ, რაც თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს.

„ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც დაიწყო 2022 წლიდან.

ამ მიმართულებით გამოყოფილია 10 მილიონი ლარი და განსაზღვრულია დახმარება იმ პენსიონერებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, 200 000 ქულის ქვევით.

ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ როგორც პენსიონერები, ისე კლინიკები ამ პროგრამაში და დღეისათვის ბოლო 3 კვირაში განხორციელებულია უკვე 5000-ზე მეტი მომართვა.

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შემთხვევაში პენსიონერს არანაირი ვიზიტი არ სჭირდება არც მერიაში და არც გამგეობაში, ისინი მიდიან თავიანთ ოჯახის ექიმთან და შესაბამისი გასინჯვის შემდეგ, ელექტრონულ მოდულში ხორციელდება იმ მედიკამენტების აღრიცხვა, რომელსაც ექიმი გამოუწერს პენსიონერებს და შემდეგ უკვე თვითონ პენსიონერი ირჩევს რომელ აფთიაქში მოახდინოს ამ გამოწერილი მედიკამენტების განაღდება.

შესაბამისად, ეს არის თავისუფალი არჩევანი.

არის 500-ლარიანი ლიმიტი. მათ შეუძლიათ ეს 500 ლარი ან ნაწილობრივ გამოიყენონ ან ნებისმიერ პერიოდში. აქაც პერიოდულობაში არანაირი შეზღუდვა არ არის,“-აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები