LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია დიჯეებს და მუსიკოსებს 2 მლნ ლარით დაეხმარება

95
დფჰდჰ

ელექტრონულ მუსიკასა და საკლუბო კულტურაში დასაქმებულები დახმარების პაკეტით ისარგებლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დახმარების პაკეტი, 2 მლნ ლარით განისაზღვრება. ამ დახმარების პაკეტით ისარგებლებს 500 შემოქმედი, მათ შორის, „დიჯეი“ და ამ დარგში მომუშავე სხვა პირები.

„პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება – ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა პანდემიის პირობებში. მათ მოუწიათ დახურვა, ერთი წელია არ ფუნქციონირებენ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან ბევრი დასაქმებულია, მათ უკან ოჯახები დგას. შესაბამისად, მათ დახმარება სჭირდებათ და თანადგომა. ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს, ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაუთქვა, უამრავი ტურისტი მოიზიდა.

აუცილებელია, ერთის მხრივ, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ ოჯახებს, არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს თანადგომით შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურად განაგრძონ საქმიანობა.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მლნ ლარი იქნება. ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი. საუბარია „დიჯეიზე“ და ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე. 50-ზე მეტი ორგანიზაციაა.

ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს.

ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, კომუნალურების მხარდაჭერა, ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის სამუშაოების გაწევა“. -აცხადებს კახა კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები