თბილისის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ -ის სანახავად მაყურებლები უკვე მიდიან. კინოთეატრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დღეს დილიდანვე გააკეთეს საგანგებო განცხადებები და მოუწოდეს მაყურებლებს, უფრო ადრე მოსულიყვნენ ვიდრე დანიშნულ დროს.
წინა დღეებში არღიშნულ ფილმთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, რაც ითვალისწინებდა ფილმის ჩვენების ჩაშლას. წინასწარ დაანონსებული და შესაძლო ინციდენტების თავიდან ასარიდებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული დაცვის ზომები მიიღო.
კინოთეატრ „ამირანში“ მისულ მაყურებლებს საპატრულო პოლიცია დეტექტორებით ამოწმებს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები.
შსს აცხადებს რომ ფილმის ჩვენებისას უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით კინოთეატრ „ამირანის“ შემდეგ „გალერეა თბილისში“ გამოჩდნენ კინოლოგები. პრევენციის მიზნით მიმდინარე პროცესებში სამართალდამცველებს ლაბრადორი სოფა ეხმარება.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით, აქციის ორგანიზატორები 112-ში დარეკავდნენ და კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კინოთეატრებში, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა უნდა გაიმართოს.
ფილმის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისის 5 კინოთეატრში იგეგმება.
როგორია შსს-ს რეაგირება ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მიმართ გაჟღერებულ მუქარებზე