LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ისტორიულ გალავანთან რუსები სასტუმროს აშენებენ

283
78787

ვისაც ბოლო დროს ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩაზე (ბარათაშვილის სკვერთან, ძველ თბილისში) გაგივლიათ, აუცილებლად შენიშნავდით ისტორიულ გალავანთან მშენებარე მრავალსართულიან შენობას. აღშფოთებას ბევრი გამოხატავს. გამვლელების ერთმანეთის მსგავსი ემოციები პირადად მოვისმინე, რომლებიც გულდაწყვეტილი არიან ამ მშენებლობით. ამბობდნენ, რომ წლებია, ცდილობენ ამ ადგილას სასტუმროს აშენებას და მხოლოდ თბილისელების პროტესტმა შეუშალა ხელი გიგი უგულავას მერობის დროს ამ ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას.

უბრალო გამვლელებს უკვირთ, რომ დღეს კახი კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება და ქალაქის ისტორიულ ადგილს საფრთხე ემუქრება.

„ფორტუნა“ „ტფილისის ჰამქრის“ წევრს, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ტფილისი ჰამქარი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ მშენებლობა შეჩერდეს და ამისთვის სამართლებრივადაც იბრძოლებს. 

 

მშენებლობა სრულიად მიუღებელია არა მხოლოდ იმ კონკრეტული გარემოსთვის, არამედ ზოგადად თბილისის ისტორიული ნაწილისათვის. ნაკაშიძის ქუჩაძე წლებია, არის მცდელობა, აშენდეს შეუსაბამო ნაგებობა. რამდენიმე პროექტი ჩავარდა. ახლა რა მშენებლობაც მიმდინარეობს, ქალაქისთვის არის სრულიად მიუღებელი. გაუთვლელია ისტორიული კონტექსტი და სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს იქნება ახალი ნიშნული სხვა ინვესტიციებისთვის და თუ ოდესმე, ხაზზე განვითარდა მშენებლობა ან დაშენება, აუცილებლად ნიშნულად იქნება აღებული ის, რაც ახლა მიმდინარეობს და რაც ყოვლად დაუშვებელია. სამწუხაროდ, არქიტექტურის საბჭომ გასცა ნებართვა. პროექტი შეთანხმდა მხოლოდ რენდერის საფუძველზე. რენდერში მასშტაბით მანიპულაცია ძალიან ადვილია და იგივე საბჭოს ნახაზები რომ ენახა, ნახავდა იმ რეალობას, რაც გვაქვს მშენებლობის სახით. მესმის, რომ როდესაც კვირაში ერთხელ იკრიბება არქიტექტორის საბჭო და იქ რამდენიმე ათეული პროექტი გადის, ყველა პროექტის დეატლურად ნახვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, ამ თვალსაზრისით საბჭოს სიფხიზლე უნდა გამოეჩინა. რენდერის გარდა თავად პროექტიც უნდა ენახა და ამ შემთხვევაში ალბათ არ გასცემდა ნებართვას.

შეიძლება, რომ საზოგადოების პროტესტმა მშენებლობა შეაჩეროს? არის შესაძლებელი, რომ ძველი იერსახე დაუბრუნდეს გალავანს?

„ტფილისი ჰამქარს“ გვქონდა კონსულტაციები იურისტებთან და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით წავიდეთ. ამას წინ არაფერი არ უდგას. რაც უფრო მძლავრი იქნება პროტესტი, გაიგებს და დაინახავს ამას ქალაქი. ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც საბჭომ დაუშვა და თავად ქალაქმა უნდა გამოასწოროს. როგორ გამოსწორდება და შეთავაზება იქნება თუ არა თავად ინვესტორთან, ეს უკვე მერიის გადასაწყვეტია.

რა შენდება?

სასტუმრო.

ვინ არის მფლობელი?

ჩემი ინფორმაციით, ეს არის რუსული კაპიტალი. პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მოქალაქისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რუსული კაპიტალი დააზიანებს ქალაქის ისტორიულ სახეს თუ ქართული, მაგრამ როდესაც რუსულით ზიანდება, ეს უფრო „საინტერესოს“ ხდის ფაქტს.

როგორ ფიქრობთ, არქიტექტურულ საბჭოს უბრალოდ შეეშალა თუ გააზრებულად გასცა მშენებლობის ნებართვა?  

იყო პერიოდი, როდესაც ვიყავი ამ საბჭოს წევრი. ძალიან რთულია, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ან 50 პროექტი უნდა განიხილო. ამ შემთხვევაში საბჭომ როგორ მიიღო გადაწყვეტილება, არ ვიცი. თუმცა თუ დღემდე არსებობს პრაქტიკა, რომ რენდერის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეცდომა. თუ პროექტს ჩახედეს და მაინც ხმა მისცეს მშენებლობას, ეს უკვე სხვა თემაა.

 

 

 

„ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, რომ ნაკაშიძის ქუჩზე მშენებლობა დროებით შეჩერებულია, რადგან სახურავის სამშენებლო სამუშაოებზე გადაცდომა დაფიქსირდა.  

„ნაკაშიძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს წარმოდგენილი პროექტის ესკიზები არ შეესაბამებოდა მასთან თანდართულ მუშა ნახაზებს. მშენებლობის პროცესში, როდესაც დაფიქსირდა შეუსაბამობა ესკიზის ვიზუალსა და რეალურ მშენებლობას შორის, მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა მშენებლობა და მოითხოვა ინვესტორისგან, შესაბამისობაში მოეყვანა შენობა იმ ესკიზთან, რომელიც წარმოდგენილი იყო ნებართვის გაცემის დროს.

ამ ეტაპზე სახურავის სამშენებლო სამუშაოები, სადაც დაფიქსირდა გადაცდომა, გაჩერებულია. მხოლოდ შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ველოდებით, რომ შემოიტანონ დაკორექტირებული დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.