არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ტურისტული აპლიკაცია Travel Guide App-ისა და თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ტარდება სემინარები შემდეგი მიმართულებებით:
- მაღალი კლასის/ექსკლუზიური ტურების ორგანიზება;
- ქართული ღვინისა და ქართული კერძების შეხამება;
- თბილისის გიდი;
- სოციალური მედია მენეჯმენტი ტურიზმის სექტორში.
სემინარები განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისათვის (გიდები და horeca). რას მიიღებენ მონაწილეები სემინარების გავლის შემდეგ: მათ გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები. Travel Guide-ის აპლიკაციაში შეიქმნება გიდების ბაზა, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, მიიღონ ინფორმაცია გიდებზე, მათ გამოცდილებასა და მიღწევებზე. ეს ყოველივე გიდებს დაეხმარება ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარებასა და ცნობადობის ამაღლებაში.
ცნობისთვის, Travel Guide ერთ წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ერთ-ერთ პირველ ქართულ ტურისტულ აპლიკაციას წარმოადგენს. 2018 წელს აპლიკაცია E-ტურიზმის მიმართულებით საუკეთესო კომპანიად დასახელდა. Travel Guide-ის საშუალებით, მოგზაურს შეუძლია დაგეგმოს თემატური და კომბინირებული ტურები. Travel Guide-მა 2019 წელს მუშაობა დაიწყო აპლიკაციის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, სადაც გიდები შეძლებენ გაერთიანდნენ ერთიან სივრცეში და პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ტურისტებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტი შემოსავალი მიიღონ.