თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციური ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. უმრავლესობის მოსაზრებით, ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, გენგეგმის დოკუმენტის მიღების შემდეგ, დედაქალაქში ცხოვრება გაძვირდება.
“ჩვენმა კოლეგებმა ან შეგნებულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ან იცრუეს, რომ გენერალური გეგმის მიღების შედეგად თბილისში ცხოვრება გაძვირდება, რადგან წყლის და გაზის ფასი მოიმატებს. ყველანი მომსწრე ვართ დემაგოგიური განცხადებების, მაგრამ ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ყოვლად გაუგებარი თემა იყო. ამ თემასთან დაკავშირებით გენგეგმაში რა ჩანაწერიც არსებობს, ეს ჩანაწერი 2009 წლის გენგეგმაშიც არსებობდა. გენგეგმა იძლევა რეკომენდაციას, რომ ყველა რესურსი წყლის და გაზის დაზოგვისკენ იყოს მიმართული” – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ უპასუხა.
“ეს ჩანაწერი იყო იმიტომ, რომ როცა არც წყალი იყო და არც გაზი, როგორღაც თბილისს ეს შეზღუდვები თავიდან აეცილებინა. ჩვენთვის ამ ჩანაწერის დატოვება მიუღებელია იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოიყენოთ საფუძვლად, რომ საწარმოებს დაუწესოთ წყალზე და გაზზე ლიმიტები. თუ დღეს ეს საჭიროება აღარ არსებობს, ეს ჩანაწერი ამოვიღოთ,” – განაცხადა ნადირაძემ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციის განცხადებით, დედაქალაქის გენერალური გეგმის რეკომენდაციების მიხედვით, საწარმოებს წყლისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდებათ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადაცდებიან, საჯარიმო ტარიფის გადახდა მოუწევთ. გაზრდილი გადასახადები კი, ოპოზიციის მოსაზრებით, საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქციის ფასებზე აისახება.
ოპოზიციის თქმით, აღნიშნული ცვლილება მერიას საშუალებას აძლევს, ბიზნესი შეავიწროვოს და უფრო მეტი თანხის გადახდა აიძულოს.