თბილისის ცირკის შენობა იყიდება. გავრცელებულ ინფორმაციას “ფორტუნასთან” საუბარში ადასტურებს სააგენტო Colliers International Georgia ბროკერი გიორგი შუკაკიძე.
„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა ხუთ სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის, მათ შორის, ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზისა და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად“, – აღნიშნულია სააგენტო Colliers International Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
აქტივის ფასი 18 მილიონი დოლარია.