თბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე იყო, რომელსაც გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ, ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გია ჯიბლაძე ყვება, რომ სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ 4 გამტაცებელი მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა, რომლებმაც თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.
გია ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლა იყო.
სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, შსს სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.