ქოლიერს ჯორჯია პროექტ recov.ge-ს ფარგლებში უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელ კვლევებს აქვეყნებს. კვლევებში საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სექტორები დეტალურადაა მიმოხილული.
ოფისები
2020 წლის მდგომარეობით, ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნესცენტრში გაიზარდა და ყველაზე მაღალ ნიშნულს – 47%-ს A კლასის ბიზნესცენტრებში მიაღწია, თუმცა, A კლასში ვაკანტურობის მაღალი ნიშნული მეტწილად Axis Towers-ისა და CH64-ის გახსნითაა განპირობებული. ჯამურად, თბილისის ბიზნესცენტრები 22-მა მოიჯარემ დატოვა და შედეგად 10,000-მდე კვ.მ ფართი გამონთავისუფლდა. შემცირებულია პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარაც და 2019 წლის მაჩვენებლებს 10%-ით ჩამორჩება.
საცხოვრებელი
2020 წელს, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით ნაკლებია და 8,593-ს შეადგენს. ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ითაა შემცირებული. ახალაშენებული ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ტრანზაქციები წინა წლის მაჩვენებელს 43% -ითა და 40%-ით ჩამორჩებიან, ეკონომ სეგმენტის ტრანზაქციები კი მხოლოდ უმნიშვნელოდ, 4%-ითაა შემცირებული. ეკონომ სეგმენტის ახალაშენებული ბინების აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ. პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8,500-მდე სესხი გაიცა, რომელთა მოცულობამ 827 მილიონი ლარი შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით, 5%-ითაა შემცირებული ახალაშენებული ბინების ფასი და საშუალოდ $672-ს შეადგენს, ხოლო ძველ ბინებში ფასის 1%-იანი კლების მაჩვენებელი გვაქვს და ღირებულება $638-ს უტოლდება. მიუხედავად პანდემიისა და რიგი ეკონომიკური სირთულეებისა, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლებად მოწყვლადი აღმოჩნდა.