LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყება

83

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის მსურველები  kids.org.ge-ზე  სპეციალური აპლიკაციის საშუალებით  დაარეგისტრირებენ ბავშვს. ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდა. 18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-ამდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო დღეს საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11000-ზე მეტი ადგილია დარჩენილი. ბაგა -ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის ინფორმაციით საიტზე ტექნიკური პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

„არის ბაღები, სადაც მოთხოვნა მაღალია, თუმცა ბაღი ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ეს ბაღებია ძირითადად საბურთალოზე, ვაკის რაიონში, ჩუღურეთში და ა.შ. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება სწორედ ეს უკმაყოფილება. როცა არის 300 – ადგილიანი ბაღი, იქ 500 ბავშვს ვერ მივიღებთ. ასე რომ, ეს ტექნიკური პრობლემა არ არის. რაც შეეხება ადგილებს, წელს საერთო ჯამში 15 000-მდე ადგილი გვაქვს. წინა წელთან შედარებით ადგილების რაოდენობა 3 000-ით არის გაზრდილი,“ – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თითო ჯგუფში საშუალოდ 45 ბავშვია გათვალისწინებული.იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფში 45-ს გადააჭარბებს, გაიზრდება აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ვმუშაობთ გადატვირთულობის საკითხზე. ამისათვის ვაშენებთ ახალ კორპუსებსა და ახალ ბაღებს. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ბევრი ბავშვია ჯგუფში, იქ ჩვენ ამის საშუალებას აუცილებლად გვაძლევს სივრცე და ამასთანავე ვამატებთ აღმზრდელებს და აღმზრდელის თანაშემწეებს. ასეთ დროს მხოლოდ ორი აღმზრდელი არ არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში,“ – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა-ბაღს კი, ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება. გვანცელაძის თქმით, მომავალ წელს კიდევ 10 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები