საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს, მოცემულ ეტაპზე, კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება.
კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას.
“გზის პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ორი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია (სხვადასხვა ლოტზე) შეასრულებს. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 24-30 თვეა. სრულად თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი. ამ მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის.
ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და მისი მშენებლობის შედეგად, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება. მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ადგილობრივ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. შედეგად, სამიდან 1 ლოტს ქართული კომპანია ააშენებს. კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმაში კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას საერთო ჯამში, 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია მოხმარდება.
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარე წლის ივლისში გახსნილი 15 კმ-იან მონაკვეთის – გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობით დაიწყო, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა. ასევე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო 16.6 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.