თბილისი-მოსკოვის ავიაბილეთი 4587 ლარი ღირს. ფრენას ავიაკომპანია „ყატარის ავიახაზები“ (Qatar Airways) ასრულებს. ავიარეისი 25 აპრილს არის დაგეგმილი. ავიაბილეთის ღირებულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ჯგუფ „მოგზაურთა კლუბის“ ერთ-ერთი წევრი ავრცელებს და ავიაბილეთის შესაბამისს ფოტოსაც აქვეყნებს.
„ეს ფასი რას ნიშნავს? მალდივებზე მოვითხოვე გამგზავრება, თუ?“,- კითხულობს ავიაბილეთის შეძენით დაინტერესებული პირი. მის ამ პოსტს „მოგზაურთა კლუბის“ წევრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ერთ კვირაში მიფრინავთ ხარისხიანი ავიახაზებით, 35კგ ბარგით, თანაც ქვეყანაში რომელსაც იმდენმა ქვეყანამ ჩაუკეტა საჰაერო სივრცე, თვითმფრინავები მთვარეზე ადიან და იქიდან ეშვებიან და კიდე კაი ფასია; ჩემი აზრით, წასვლა უფასო უნდა იყოს; მკვლელებთან როდესაც მიემგზავრებით, ფასიც შესაბამისი უნდა გადაიხადოთ; არადა ჯოჯოხეთში მგზავრობა უფასო იყო; იმდენი წრე უნდა დაარტყას თვითმფრინავმა, საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, რომ ერთი ათჯერ უნდა ჩაასხას ბენზინი, კიდევ კარგი ფასია მაგრამ რა გინდათ მაგ დასაწვავში?!“, – ეს იმ გამოხმაურებების მცირე ნაწილია, რომელიც თბილისი-მოსკოვის ავიაბილეთის ღირებულებას მოჰყვა.
შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების გამო, სანქციების ფარგლებში, რუსეთს მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.