დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე სმენადი რადიო – ”ფორტუნაა”. ასეთი შედეგი დადო „სილიკონ ველი თბილისის“ პირველი სტარტაპის „ელექტრონული კვლევის 24/7“ მოდელის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ.
კვლევის თემატიკა ეხებოდა რადიოსადგურების რეიტინგებს.
როგორც ”ფორტუნას” პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის კვლევების პროექტის მენეჯერმა ტარიელ ჭულუხაძემ განუცხადა, კვლევის დროს გამოიკითხა 1200 რესპონდენტი თბილისის მასშტაბით.
”რაც შეეხება მეთოდოლოგიას, კვლევა ჩატარდა ტრადიციული მეთოდით, თუმცა რესპონდენტები პირისპირ გამოკითხვის ნაცვლად, სოციალური ქსელით გამოიკითხნენ. დაახლოებით 20-დან 45 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, ”ფეისბუქის” მეშვეობით შეირჩა და გამოიკითხა. შესაბამისად, დაიდო ის შედეგი, რაც უკვე ყველასთვის ცნობილია”, – განმარტა ჭულიხიძემ.
რაც შეეხება სანდოობას, როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ეს კვლევა ისეთივე სანდოა, როგორც სხვა კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევები.
”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვების მსგავსად, „სილიკონ ველი თბილისის“ კვლევაც ტრადიციული, გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, მაშინ მისი სანდოობა სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების ტოლფასია”, – განუცხადა ”ფორტუნას” ტარიელ ჭულუხაძემ.
მისივე ინფორმაციით, კვლევას ”სილიკონ ველი თბილისი” ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი ინივიატივით ახორციელებდა და რადიოსადგურების რეიტინგების კვლევა პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრისთვის არავის დაუკვეთავს.
”კვლევა ვაწარმოეთ საკუთარი ხარჯებით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ უამრავი კვლევა გვაქვს სხვადასხვა სფეროზე მომზადებული და ისინიც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება”, – აღნიშნა კვლევების პროექტის მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რადიოსადგურების აღნიშნული კვლევის შედეგებით: გამოკითხულ რესპოდენტთა 56% უსმენს რადიოს, აქედან 78% რადიოს უსმენს ტრანსპორტში, დილის და საღამოს საათებში რადიოს მსმენელთა პროცენტული მაჩვენებელია 78%-ია, შუადღეს რადიოს უსმენს გამოკითხულთა მხოლოდ 22% პროცენტი.
კვლევის შედეგად მიღებული რეიტინგები:
ფორტუნა – 15%, არ დაიდარდო – 14,9%, ავტორადიო – 10%, ფორტუნა+ – 9,3%, რადიო პალიტრა – 6,7%, რადიო იმედი – 6,3%, რადიო ვინილი – 5,9%, რადიო მაესტრო – 4,7%, რადიო ქალაქი – 4,3%, საპატრიარქოს რადიო – 3,6%, აფხაზეთის ხმა – 3,4 %, სტარ FM – 3,1%.
ცნობისთვის, ”სილიკონ ველი თბილისი” პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.