LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის უმასპინძლებს

31

თბილისი ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს, „თბილისის გრან პრი 2016“-ს ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს.

თბილისის გრან პრი 25-27 მარტს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც 3 600 მაყურებელს იტევს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ვაჟთა გუნდიდან ტატამზე, გუნდის ლიდერების ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის გარდა ყველა უძლიერესი ძიუდოისტის ხილვა იქნება შესაძლებელი. სპორტსმენები ტურნირისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.

თბილისის გრან პრიზე საქართველოს ღირსებას 32 ძიუდოისტი, 28 ვაჟი და 4 ქალი დაიცავს, მათ შორის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ჩემპიონები და მრავალგზის პრიზიორები ამირან პაპინაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ვერცხლის პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი, 2015 წლის თბილისის გრან პრის გამარჯვებული ლევან მატიაშვილი და სხვა ტიტულოვანი წევრები.

წინასწარი განაცხადის თანახმად, თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 73 ქვეყნის წარმომადგენელი 448 ძიუდოისტი, 272 ვაჟი, 176 ქალი იასპარეზებს, მათ შორის ტიტულოვანი სპორტსმენები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, პორტუგალიიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, კორეადან, ბრაზილიიდან, ამერიკიდან და სხვა.

თბილისის გრან პრის დაესწრებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები. ამ დროისთვის თბილისში უკვე ჩამოსულია 40-მდე ქვეყნის დელეგაცია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია, თბილისის გრან პრიზე გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს 300 სარეიტინგო ქულა დაერიცხებათ, ვერცხლის პრიზიორებს 180, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 120.
გრან პრის ოფიციალური კენჭისყრა და პრესკონფერენცია 24 მარტს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” 14:00 საათზე გაიმართება.

თბილისის გრან პრიზე დასწრება უფასოა.

 

 

uniInc (1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები