დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონიმენტის შეძენა დღეიდან მეტროს სალაროებშია შესაძლებელი, უკვე არსებული მეტრომანები კი ტრანსპორტში ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში ძალაში რჩება.
აბონიმენტების შეძენა ხვალიდან „საქართველოს ბანკის“ ექსპერს ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება კრიტიკას იმის შესახებ, რომ გადახდის ახალი სისტემის მიხედვით მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი გაიზარდა, წილოსანი ამბობს, რომ ეს მცდარია.
„ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ყველა დარწმუნდა, რომ მათთვის, ვინც ძირითადი მომხმარებელია, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება უფასო მათთვის, ვინც შეღავათით სარგებლობს. დანარჩენ 10%-ში მოიაზრებიან ტურისტები და სხვა ის მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. შესაბამისად, მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, მცდარია.
ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანო ისიც, რომ თუ ტარიფი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიების შემოსავლები უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოსახლეობაზე სატრანსპორტო დანახარჯს არ ვზრდით“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
კითხვაზე, რომ დედაქალაქში არსებულ ყვითელ მიკროავტობუსებში ახალი ბარათით გადახდის შესაძლებლობა არ იქნება, ვიქტორ წილოსანის ამბობს, რომ ახალი სამგზავრო ბარათების ამოქმედების მომენტისთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.
„როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ 1-ელი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად – უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1-ელ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
ამასთან, დედაქალაქის მერის მიერ გაჟღერებული ინიციატივაზე, რომ ბანკებმა მომხმარებლებს აბონიმენტის გადასახადი გადაუნაწილონ, ვიქტორ წილოსანი განმარტავს, რომ ეს საკითხი ბანკების გადასაწყვეტია.
„ბანკებისთვის მერის ინიციატივა გაჟღერდა როგორც პროდუქტი და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ბანკების გადასაწყვეტია. მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხში ჩართული არ არის“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იქნება შესაძლებელი, რომ აბონიმენტები საბანკო ბარათებს მიებას, რაზეც წილოსანი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ამევე თემაზე:
1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება