LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თბილღვინომ” იაპონური ბაზრის ათვისება დაიწყო

79

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ”თბილღვინო” საკუთარი პროდუქცია იაპონურ ბაზარზე გაიტანა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა,  ექსპორტი იაპონურ ბაზარზე ”თბილღვინომ”  მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

”ერთ-ერთ იაპონურ იმპორტიორ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც იაპონიაში ჩვენი ღვინის რეალიზაციას ახდენს.  პირველი გადატვირთვა უკვე განვახორციელეთ და საწყის ეტაპზე 5 ათასი ბოთლი გავაგზავნეთ. გარდა ამისა,  მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კიდევ ერთ იაპონურ კოპანიასთან, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჩვენი ღვინით”, – განმარტა მარგველაშვილმა.

”თბილღვინოს” დამფუძნებლის თქმით, კომპანიამ 2015 წლის ბოლოდან ღვინის გატანა აშშ-ს ბაზარზეც დაიწყო, სადაც პირველი გადატვირთვა უკვე განახორციელდა,  ღვინის მეორე პარტიის გაგზავნაკი აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება.

”ამერიკაში ღვინის ექსპორტის პირველი პრეცედენტი იყო ეს  ჩვენი კომპანიისთვის. გვაქვს სერიოზული წარმატებები ამ ბაზარზე. მაგალითად,  ცოტა ხნის წინ ვმონაწილეობდით აშშ-ში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „TEXSOM International Wine Awards“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 3,200 მონაწილე 25 ქვეყნიდან და აშშ-ს 25 შტატიდან. აღნიშნულ კონკურსზე კომპანია „თბილღვინომ“ 1 ვერცხლისა (ქინძმარაული) და 3 ბრინჯაოს (ქვევრის რქაწითელი, მუკუზანი, ნაფარეული) მედალი მოიპოვა”, – განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თბილღვინო” 1962 წელს დაარსდა, როცა თბილისში მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობდა. 2000 წელს კი  “თბილღვინო” ქართულ ბაზარზე ახალი სახითა და ახალი ასორტიმენტით წარსდგა.  ეს სავაჭრო ნიშანი მოიცავს 25 დასახელების ღვინოს, და მისი სპექტრი აერთიანებს როგორც სუფრის, ასევე ჯიშურ და ადგილწარმოშობის ტრადიციულ ქართული ღვინის დასახელებებს. ”თბილღვინოს” პროდუქციის ექსპორტი  მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები