ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ”თბილღვინო” საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი გაზარდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა, ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ ”ქისის” ორი სახეობა გამოჩნდა: ”ქვევრის ქისი” და ”ქისი-განსაკუთრებული მარაგი”. ამასთან, კომპანიამ დამატებით ჭაჭის სამი ახალი სახეობაც შექმნა, მათ შორის რქაწითელისა და საფერავის ჭაჭა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ”ქისის” რეალიზაცია ბაზარზე უკვე ხორციელდება, ”თბილღვინოს” მიერ წარმოებული ჭაჭის ახალი სახეობები კი გასაყიდად, დიდ სავაჭრო ქსელებსა და ღვინის მაღაზიებში, ერთ კვირაში გამოჩნდება.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი ”ფორტუნას” ჩინეთთან “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” მიღწეულ შეთანხმებაზეც ესაუბრა, რომლის ფარგლებშიც ქართველი მეწარმეები ღვინოსა და აგრარულ პროდუქციას ჩინეთის ბაზარზე ბაჟის გარეშე შეიტანენ.
”თბილღვინო” ჩინეთთან ისედაც აქტიურად თანამშრომლობს და ჩვენი პროდუქცია ამ ბაზარზე ექსპორტზე გაგვაქვს. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ კი, ბუნებრივია, საექსპორტო პროდუქციის რაოდენობას გავზრდით. ჩვენი საწარმო მომზადებული შეხვდება ამ სიახლეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ”თბილღვინოს” საექსპორტო ქვეყნების სიაში, ჩინეთს მესამე-მეოთხე ადგილი უკავია.
ცნობისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თბილღვინო” 1962 წელს დაარსდა, როცა თბილისში მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობდა. 2000 წელს კი “თბილღვინო” ქართულ ბაზარზე ახალი სახითა და ახალი ასორტიმენტით წარსდგა. ეს სავაჭრო ნიშანი მოიცავს 25 დასახელების ღვინოს, და მისი სპექტრი აერთიანებს როგორც სუფრის, ასევე ჯიშურ და ადგილწარმოშობის ტრადიციულ ქართული ღვინის დასახელებებს. ”თბილღვინოს” პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.