LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავზე დაცემული ჭერი და საფრთხე მიწის ქვეშ – რაზე საუბრობენ სპეციალისტები

347 852 ლარი მეტროს ერთი სადგურის გასარემონტებლად  და შედეგად 14 დაშავებული – სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ სწორედ ასეთი ხარისხით შეასრულა სამუშაოები.

„იგივე კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, ამიტომ დღესვე დაიწყება გადამოწმება,  როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რათა ყველა უბედურება იყოს თავიდან აცილებული,“  – განაცხადა შემთხვევის ადგილზე მისულმა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერის განცხადებიდან ირკვევა, ახლადგარემონტებულ სადგურ  „ვარეკეთილის“ მსგავსად, თავს უსაფრთხოდ არც სადგურ „ახმეტელის“ მგზავრები უნდა გრძნობდნენ,  რადგან  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქაც „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მეტროსადგურების მასობრივ შემოწმებას ითხოვს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ .  

ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, გარდა სარემონტო სამუშაოების უხარისხობისა,  მეტროსადგურებში უსაფრთხოების სხვა ნორმებიც კრიტიკულ შეუსაბამობაშია, მაგალითად, ექსპლუატაციის ვადა გასული ესკალატორები და ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ არსებული გვირაბები.

„სპეციალისტებისგან გვაქვს ინფორმაცია და ვიზუალურადაც შესამჩნევია, რომ  ხდება მიწის ჩაწევა,  გვირაბებში წყალი ჟონავს და კვალიფიციური სარემონტო სამუშაოების გარეშე, ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. პრობლემის სიღრმისეულად მოგვარების ნაცვლად, ხდება მისის შეფუთვა, ფასადის გალამაზება,  მიმდინარე პროცესების შენიღბვა. 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს ესკალატორებსაც, აღარ ექვემდებარება შეკეთებას, ესკალატორების  ჩაწყვეტის შემთხვევაში, ტრაგედია გარდაუვალი იქნება,“  – აცხადებს „ფორტუნასთან“ დავით მესხიშვილი. 

„ფორტუნას“ კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია და რამდენად კრიტიკულია ვითარებაა მეტროსადგურებში, თბილისის მერმა განმარტა,  რომ „მეტროსადგურებში მოკვლევა დაწყებულია და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ“.

 

რა მოხდა სადგურ „ვარკეთილში“

მეტროსადგურ “ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები  2016 წლის ბოლოს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.

ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით,  „ვარკეთილის“ მეტროსადგურის  ქვედა ვესტიბიულში კედლებსა და ჭერზე აკრული პლასტმასის პროფილებისა და პლასტიკატების ნაცვლად, კონსტრუქციაზე ლითონის პროფილების დამატებით, მინა-მაგნეზიტის ფილების დამაგრება იყო გათვალისწინებული. 

წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ეს შეკიდული ჭერის ფილები დაეცა დღეს მგზავრებს თავში. არადა, ქალაქის ყოფილი მერი, დავით ნარმანია,  მეტროსადგურის გახსნაზე სწორედ უსაფრთხოებაზე აკეთებდა აქცენტს.

 

გარდა სამშენებლო კომპანიის მიერ დარღვეული ნორმებისა,  გამოიკვეთება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიებით დადგინდება.  

„ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ შესწავლა.  რა მოხდა რეალურად და  ვისი პასუხისმგებლობაა   შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება,“  – აცხადებდა დღეს  თბილისის მერი, კახა კალაძე.

 

 

თამუნა გოგუაძე