თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტაქსის მძღოლის დაყაჩარებისა და ფიზიკური ძალადობისთვის სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან. მათი დაკავება ცხელ კვალზე მოხდა. შსს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
დანაშული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული ტაქსის მძღოლს – 1972 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბასრი საგნის მუქარით მას კუთვნილი ნივთები გასტაცეს.
სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები – ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს” – ნატქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.