სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, პაატა გოგოლაძემ განაცხადა.
როგორც გოგოლაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი იმიტომ, რომ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ ვადა. შევხვდი და ვესაუბრე. თავს დამნაშავედ არ ცნობს იმ საქმესთან მიმართებით, რის გამოც დააკავეს, ეს არის მისი ცალსახა პოზიცია“,- განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებული ასევე უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს დაკავებული სამორინე „ამბასადორს“ სტუმრობდა და თანხა წააგო.
„გამორიცხულია. ის ცალსახად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სადღაც ითამაშა. ამბობს, ელემენტარულად ვისვენებდი და განტვირთვა მინდოდაო. რა კადრებიც გავრცელდა, ეს არის ადამიანის ინსტინქტი, რომ თავი გადაერჩინა. როდესაც აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ყველას გადარჩენისთვის, რატომ უნდა შეეცადა მაშინ, რომ აივნიდან თავი დაეცვა?!“, – აცხადებს ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს.