ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ცესკო-ს წევრების არჩევაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ და მათ მხარს არ დაუჭერენ.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, პროცესი არ იყო ისე წარმართული, რომ უმნიშვნელოვანეს პოზიციებზე დასანიშნად საუკეთესო კანდიდატები მიეღოთ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაციებს მართავენ:
“ცესკო-ს წევრების არჩევაში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს და მხარს არ დავუჭერთ.
ჩვენ მიგვაჩნია, პროცესი არ იყო ისე წარმართული, რომ საუკეთესო კანდიდატები მიგვეღო ამ უმნიშვნელოვანეს პოზიციებზე დასანიშნად, ვგულისხმობ თავმჯდომარის პოზიციას. ცესკო-ს წევრობის პოზიციაზე ღირსეული კანდიდატები არიან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა მათ მიმართ. ჩვენ ახლა სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაციების გავლის პროცესში ვართ. ესეც ჩვენი ვალდებულებაა შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ცესკო-ს წევრების არჩევაში მივიღოთ მონაწილეობა.” – თქვა ჯაფარიძემ.