“თავისუფალი დემოკრატები” დემურ სტურუას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცლებენ. “ფორტუნა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები თავს მოვალედ ვთვლით, მორიგი განცხადება გავაკეთოთ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის თაობაზე. პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, მოქმედებდა თავისი კოლეგების მხარდაჭერისა და მფარველობის იმედით. იგი დღემდე წარმატებით ემალება მართლმსაჯულებას.
სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ამ პოლიციელსა და მის მფარველებს ეგონათ, რომ მათი უკანონო ქმედება საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ დემურ სტურუას თვითმკვლელობამ მთელი ჩვენი საზოგადოება შეძრა. კიდევ ერთხელ გამომზეურდა სამართალდამცავ სისტემაში ფესვგადგმული სისასტიკე, კანონის აბუჩად აგდება და ადამიანის უფლებების ცინიკური ხელყოფა. დღეს კი ირკვევა, რომ დამნაშავემ და მისმა მფარველებმა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა არ იკმარეს და გარდაცვლილის დედას ჯერ კიდევ შვილის დასაფლავებამდე შეუთვალეს, გაჩერებულიყო.
დედის მიერ ამ უკანასკნელი ფაქტის პროკურატურისთვის შეტყობინების გამო პოლიციის შუამავლის როლის შემსრულებელი და დემურ სტურუას მეზობელი მთვრალი მიუვარდა მგლოვიარე დასა და დედას და დაუცველ ქალებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ვხედავთ დანაშაულის ჩადენა უკვე საზოგადოების თვალწინ გრძელდება უტიფრად. საზოგადოებრივი ყურადღების მიუხედავად დამნაშავე დაუსჯელი რჩება, ხოლო უმწეო ადამიანები კვლავ სრულებით დაუცველნი არიან.თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა ღონე იხმარონ, რათა სამართალდამცავ სისტემაში აღმოფხვრან სისტემური დანაშაულის ნიშნები,დაიცვან სტურუების ოჯახი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.