LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის დაზღვევა, რომ მოდი ნუ ვაწყენინებთ რუსეთს და იქნებ ავიცილოთ ჩვენი დასჯა, გამორიცხულია – ან სხვებთან ერთად დავიცავთ თავს ამ ურჩხულისგან, ან მოგვიწევს მარტო, პირისპირ დარჩენა: აკაკი ბობოხიძე

81
აკაკი ბობოხიძეე

„თუ რუსებს კბილებში არ მოხვდათ, თავად შეჩერების სურვილი არ ექნებათ – ან ახლა მიიღებს პუტინი ადეკვატურ პასუხს დასავლეთისგან ან კვლავ გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს“, – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.

მისი თქმით, აშშ რუსეთ-უკრაინის თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის. მისი განმარტებით, აშშ-ის და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიოდ, რაზე არიან წამსვლელები და სანამ პრობლემა არ ამოიწურება, უნდა დაარწმუნონ ევროპის სახელმწიფოები, რომ ერთიანი გეგმით და ერთიანი ფრონტით შეუტიონ პუტინს.

ბობოხიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რა შეცდომასაც სჩადის ის არის, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის გვერდით. ის ასევე აცხადებს, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად უნდა იყოს ყველა იმ მოქმედებაში, რომელსაც ისინი განსაზღვრავენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.

„რუსეთ-უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები მწვავეა და მთელი მსოფლიო ბოლო პერიოდი ამ პრობლემით ცხოვრობს, გადავა თუ არა კონფლიქტი ცხელი ომის მდგომარეობაში. სამწუხაროდ, პრობლემა კვლავ დასავლეთშია. პუტინი არის პოლიტიკური „გობნიკის“ როლში. ის წავა მანამ, სანამ არ მიიღებს საკადრის პასუხს. განსხვავებით ევროპული სახელმწიფოებისგან, პუტინი თამამია გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც გასაკვირი არაა, რადგან ღარიბს, რომელსაც ზურგს უკან დასაკარგი არაფერი აქვს, უფრო თამამად დგამს ხოლმე ნაბიჯებს, ვიდრე მდიდარი და ცივილიზებული სახელმწიფოები.

აშშ-ის და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიოდ რაზეა წამსვლელი და სანამ პრობლემა არ ამოიწურება, უკვე ჩამოყალიბებულებმა უნდა დაარწმუნონ ევროპის სახელმწიფოები, რომ ერთიანი გეგმით და ერთიანი ფრონტით შეუტიონ პუტინს.

პრობლემა იმაშია, რომ ჯერ თვითონ აშშ არ არის ჩამოყალიბებული და „მყარად ჩამოუყალიბებლებს“ უწევთ სხვების დარწმუნება და ძნელია დაარწმუნო სხვა, როდესაც შენ თვითონ არ ხარ მყარად ჩამოყალიბებული ამა თუ იმ გეგმის მართებულობაში.

პუტინისთვის რუსეთი უსაზღვროა და მისი საზღვრები შემოუსაზღვრელია. ერთ-ერთი რუსი ქალბატონი ამბობს, რომ რუსეთის საზღვარი გადის იქამდე, სადაც რუსებს კბილებში მოარტყამენ. თუ რუსებს კბილებში არ მოხვდათ, თავად შეჩერების სურვილი არ ექნებათ.

დასავლეთი რამდენად ადეკვატური იქნება პუტინის ამ აგრესიაზე ბევრად არის დამოკიდებული მის მომავალ ნაბიჯებზე. ან პუტინი ახლა მიიღებს ადეკვატურ პასუხს, ან თუ დაინახა, რომ დასავლეთი სუსტია, კვლავ გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს, რაც არავინ იცის რა იქნება.

არა უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენ ჩვენი თავის მხარდასაჭერად უნდა ვიყოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. არ უნდა დავრჩეთ მარტო პოლიტიკურ ბანდიტებთან. ის თავის დაზღვევა, რომ მოდი ნუ ვაწყენინებთ პოლიტიკურ ბანდიტს და იქნებ ავიცილოთ თავიდან ჩვენი დასჯა, რუსეთთან გამორიცხული ამოცანაა. ჩვენ ან სხვებთან ერთად შეგვიძლია თავი დავიცვათ ამ ურჩხულისგან, ან მოგვიწევს ამ ურჩხულთან მარტი, პირისპირ დარჩენა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ერთად ჩვენი ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საქართველოს ხელისუფლება რა შეცდომასაც სჩადის ის არის, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის გვერდით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა ვიყოთ ყველა იმ მოქმედებაში, რომელსაც ისინი განსაზღვრავენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. წინააღმდეგ ჩვენ აღმოვჩნდებით მარტო და ძალიან მძიმე შედეგი გვექნება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები