საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებს შორის შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში აშშ – საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოაწერეს.
ოსტინმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის საქართველოს საშუალებას მისცემს, უკეთ დაიცვას თავი:
“ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში, დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, რომ საქართველომ უკეთ შეძლოს თავის დაცვა და აგრესიის შეკავება”, – განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ ოსტინის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მისი შემდგომი გაძლიერების მტკიცე დასტურია:
“ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები. აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა.
საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავების და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.” – განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ლოიდ ოსტინი და ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.