LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო : ოპტიმიზაციის შედეგად 32 მილიონი ლარი დავზოგეთ

67

თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია დასრულდა, რომლის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საშტატო სტრუქტრურების რეორგანიზაციის შესახებ თავდაცვის მინისტრის ბრძანებები 19 დეკემბერს გამოიცა, რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა.

„მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან:

  1. შტატგარეშე – 400
  2. შტატიანი – 1350

სულ 1750 სამოქალაქო პირი.

შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები:

  1. ოფიცერი – 217
  2. სერჟანტი – 123

სულ 340 სამხედრო. აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით:

  • ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი -10 ათასი ლარი.
  • კაპიტანი – 14 ათასი ლარი
  • მაიორი -18 ათასი ლარი
  • ვიცე-პოლკოვნიკი – 23 ათასი ლარი
  • პოლკოვნიკი – 29 ათასი ლარი.

ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს.

ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში ასევე შეიარაღებულ ძალებში.

თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა, შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა.

2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები