LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი: დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანება, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა სრულყოფილი, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება

60
ბურჭულაძე და იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის თემა, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის განხილვას მოიცავდა.

უწყების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თანდასწრებით სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ წარმოადგენს იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო, ეს კი, თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციასთან ერთად, ქვეყანას უფრო აძლიერებს და ალიანსთან თავსებადს ხდის.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ალიანსთან ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას არ იშურებს და მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს.

„დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დასძინა, რომ საქართველო მიესალმება სათანადო მხარდაჭერის მიღებას, როგორც საქართველოსთვის მოკავშირეთა გაძლიერებული დახმარების ხელშესახებ მექანიზმს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კონკრეტული შედეგები მადრიდში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე გახდება ცნობილი.