არჩილ ტატუნაშვილს რა შეემთხვა მასთან ერთად დაკავებულებმა არ იციან, რადგან ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ, – ამის შესახებ ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
მედეა ილურიძის თქმით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
„წუხელ საღამოს დაბრუნდნენ. მათ მისცეს საშვები ე.წ. „პროპუსკი“ და უპრობლემოდ გამოვიდნენ. ყველანაირი შეფერხების გარეშე გამოვიდნენ. ჯანმრთელად არიან. არანაირ ფიზიკურ ზეწოლას არ განიცდიდნენ. ტატუნაშვილს რა შეემთხვა მათ არ იციან. ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ და არ აქვთ ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.