LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილის დედა: მთელმა მსოფლიომ მინდა დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯეროს, რომ პუტინი არის მკვლელი

123

არჩილ ტატუნაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი სასტიკად იყო ნაწამები და მას დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნებოდა.

რუსუდან ტატუნაშვილი იმასაც ამბობს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში.

“იმედის კვირასთან” ინტერვიუში ტატუნაშვილის დედა, ყვება იმას, რაც მისი შვილის სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ იცის.

“ვითომ დივერსიული აქტის მოწყობას ცდილობდა, ვითომ ტერორისტი იყო, რაღაცა დაჯგუფების წევრი იყო და უნდა მოეწყო წინასაარჩევნოდ დივერსია და ჩაეშალა პუტინის არჩევნები. ამის აღიარებას სთხოვდნენ. უნდა ეთქვა, ვითომ შემოგზავნილი იყო საქართველოს მხრიდან და ამაში აშშ-ც მონაწილეობდა. რომ არ აღიარა, შემდეგ შეუტანეს სამაჩაბლოს რუკა, დაუდეს წინ და უთხრეს: თქვი რომ ეს სამხრეთ ოსეთიაო. სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა და არც იქნებაო – ჩემ შვილს ასე უთქვამს. 

მერე მიუტანეს დროშა (ეგ მაგათი წამების წესია) დაუდეს ფეხქვეშ და უთხრეს, რომ შედექიო, მაგრამ ჩემი შვილი ვაჟკაცი იყო და ასეთ რამეს არასდროს გააკეთებდა.

ნაძრახ სიცოცხლეს, სახელოვანი სიკვდილი არჩია.

თითებული სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა. ლურსმანი თუ რაღაც ჰქონდა გატარებული, რკინები უჩანდა ხელებში, სულ დაგლეჯილი ჰქონდა.

ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში ჰქონდა გავლილი… წვივები, როგორც ხელები, დაჟეჟილი და დაგლეჯილი ჰქონდა. ხელისუფლები დამწვარი ჰქონდა…

თავზეც აღენიშნებოდა დაზიანებები. სახეზე მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და სილურჯეები ჰქონდა დაფარული”, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

ტატუნაშვილის ოჯახი ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც ერთი თვის ვადაში იქნება.

რუსუდან ტატუნაშვილი ამბობს, რომ მადლობას უხდის ყველას, მისი შვილის დაფასებისთვის და საქართველოს გაერთიანების იმედს გამოთქვამს.

“მთელმა მსოფლიომ მინდა დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯეროს, რომ რუსი არის ოკუპანტი, პუტინი არის მკვლელი

ჩემი შვილი ბოლო იყოს იქნებ… გაერთიანდეს და გამთლიანდეს საქართველო, ისე როგორც ჩემს შვილს უნდოდა”, – განაცადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები