LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე მოკვლევა არ დაწყებულა – დაარღვია თუ არა შსს-მ კანონი

თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე, რომელიც გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, შსს-ს  მოკვლევა არ დაუწყია და, როგორც ჩანს, არც დაიწყებენ, თუკი მათ თავად თათია დოლიძე არ მიმართავს.

ამის შესახებ შსს-ში „ფორტუნას“ კითხვის საპასუხოდ განუცხადეს. მათი თქმით, მოკვლევის დასაწყებად აუცილებელი, რომ  დაზარალებულმა მიმართოს.

როგორც თათია დოლიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, „კონსულტაციას გავდივარ სპეციალისტებთან და როგორც საჭირო იქნება საზოგადოებისთვის, ქართველი ქალებისთვის, ისე მოვიქცევი“.

„რეაგირება საჭირო იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ბულინგი და სიძულვილი ენა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. რა ფორმით იქნება ეს, ზუსტად არ ვიცი იმიტომ, რომ მე არ ვარ იურისტი და ჯერ არის გასარკვევი, რა ტიპის დანაშაულია. რეაგირების გარეშე რომ არ უნდა დარჩეს ეს, გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, რეაგირების გარეშე არც დარჩენილა იმიტომ, რომ საზოგადოებამ აიმაღლა ხმა ყველანაირად ჩემგან დამოუკიდებლად. ასე რომ, ეს უკვე არის რეაგირება. თუმცა, მე მაინც აუცილებლად გავივლი კონსულტაციას პროფესიონალებთან, ისევ და ისევ არა თათია დოლიძის გამო იმდენად, რადგან მე ესე ნამდვილად არც ვშინდები და არც მეშინია, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს არ იყოს ნორმა,“ – ამბობს თათია დოლიძე.

თუმცა, როგორც იურისტები აცხადებენ, მედიაში და მათ შორის სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ყოველგვარი მიმართვის გარეშე ავალდებულებს სათანადო უწყებებს, რომ მოკვლევა დაიწყონ.  ამ მოკვლევის შედეგები კი აჩვენებს, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა და, თუ დაიწყება, რომელი მუხლით წარიმართება.       

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ, თუ მუქარაზეა საუბარი, შსს ვალდებულია, საქმის შესწავლა, მოკვლევა დაიწყოს. როდესაც საქმე ეხება საჯარო მუქარას და შესაძლოა, საკმაოდ მძიმე ფორმით, სამართლებრივი ორგანოების მხრიდან რეაგირება სავალდებულოა. ამას კანონი ავალდებულებს. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა, რომ საქმის შესწავლის დაწყების საფუძველი გახდეს. კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. როდესაც შეიკრიბება მასალები, თუ აღმოჩნდება რომ მუქარა რეალურია და სუბიექტიც გამოიკვეთება, მტკიცებულებები საკმარისი იქნება ამის შემდეგ ე.წ. საწყისი ბრალი დადგინდება, მერე ხდება პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხი და დევნის საკითხი.

„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების ორგანოთა მიერ შესწავლის და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დაწყების საფუძველია. მოპოვებული მონაცემების ერთობლიობით გამოძიებამ უნდა იმსჯელოს ქმედებაზე – არის ეს მუქარა თუ დევნა, მის ჩამდენ პირებზე და ამას უნდა მოჰყვეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა თუ ბრალის წაყენების თაობაზე. მუქარა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის ზიანის მიყენებას გულისხმობს და მაქსიმალური სასჯელია 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯგუფურად ჩადენისას – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დევნას, ესეც დასჯადი ქმედებაა და გულისხმობს აზრის გამო პირის დევნას, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება, განხორციელდეს. დევნისთვის მაქსიმალური სასჯელია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ჯგუფურად ან ძალადობის მუქარით ჩადენისას კი – 3 წლით. ეს საკითხები გამოძიების ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დააკვალიფიციუროს ქმედება,“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შსს-ს ჯერჯერობით მოკვლევა არ დაუწყია და არც აპირებს, თუკი მათ თავად  თათია დოლიძე არ მიმართავს.

ამის პარალელურად კი საზოგადოებაში პროტესტი  ამ მუქარის მიმართ სულ უფრო მწვავდება.

ქალთა მოძრაობა GEORGIAN WOMEN’S MOVEMENT უკვე დაიწყო ონლაინ ხელმოწერების შეგროვება, რომლითაც  სახელმწიფოს, მედიას და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ასევე აქტიურობენ სოციალურ ქსელებში  საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.

საკანონმდებლო რეგულაცია

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 

მუხლი 101. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ

1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

2. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული

სისხლის სამართლის კოდექსი 

მუხლი 151. მუქარა

1. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 156. დევნა

1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება: ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

 

გვანცა ბზიავა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები