LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარჯიმანი, რომელიც ტრამპი-პუტინის შეხვედრას ესწრებოდა, შესაძლოა კონგრესში დაიბარონ

99

თარჯიმანი, რომელიც ჰელსინკიში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პირველის პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ესწრებოდა, შესაძლოა კონგრესში მოსმენაზე დაიბარონ. ინფორმაციას Hill-ი ავრცელებს.

ამერიკელი დემოკრატები მოითხოვენ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე დამსწრე თარჯიმანი გამოკითხონ.

„მოგიწოდებთ, მოსმენები გავმართოთ აშშ-ს პრეზიდენტის თარჯიმნის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ტრამპის პუტინთან შეხვედრას, რათა მან გაასაჯაროოს, თუ რაზე საუბრობდნენ პუტინი და ტრამპი კერძო საუბარში. ეს თარჯიმანი დაგვეხმარება იმის დადგენაში, თუ რა გაუზიარა პუტინს პრეზიდენტმა და რას დაჰპირდა მას ჩვენი სახელით“, – ამის შესახებ დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დაწერა.

16 ივლისს, ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა გაიზიარა პუტინის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში. ტრამპის პოზიციამ კონგრესის აღშფოთება გამოიწვია.

მწვავე კრიტიკის შემდეგ, 17 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულად ენდობა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს და ჰელსინკიში გამოსვლისას ის იგულისხმა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს არჩევნებში რუსეთის ჩარევის დასაშვებად. ტრამპის მტკიცებით, მისი ადმინისტრაცია აგრესიულად იმოქმედებს, რათა მოიგერიოს კონგრესის წლევანდელ არჩევნებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები