LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი – კალაძე დეტალებს განმარტავს

178
კახა-კალაძე

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 22 მაისიდან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი სიახლით სარგებლობა შეეძლებათ. კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდი QR კოდის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს QR კოდის სკანირებით მარტივად შეეძლება ტაქსის მომსახურების ღირებულების გადახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ტაქსის მძღოლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გადაეცემათ ბრენდირებული QR კოდები, რომლებიც განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე.

მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანირებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე.

„როგორც იცით, ტაქსით მგზავრობისას შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ფულით გადახდა, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ საბანკო ტერმინალები. შესაძლოა, რომ მგზავრს ნაღდი ფული არ ჰქონდეს და ვერ გადაიხადოს.

ასევე, შესაძლოა ტურისტს არ ჰქონდეს ლარი და ვერ გადაიხადოს. ჩვენ კომპანია „ბი ქეი ენ 301 ჯორჯიამ“ შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია. მათ შეიმუშავეს QR კოდები, რომელიც წარმოდგენილი იქნება. აღნიშნული QR კოდი შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ნომერს. ტაქსის მძღოლს შესაძლებლობა აქვს მიიღოს აღნიშნული QR კოდი. ეს შეუძლია მიაბას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს, შეზღუდული არ არის. ტელეფონის ვიდეოკამერით QR კოდს დააფიქსირებ, მიუთითებ გადასახდელ თანხას და მაშინვე აესახება ტაქსის მძღოლს. ტელეფონის ნომერზე მიუვა ინფორმაცია, რომ თანხა დაირიცხა, რაც მგზავრმა გადაადგილებისთვის უნდა გადაიხადოს. ეს QR კოდი შეიძლება განთავსდეს სავარძლის უკანა მხარეს, რათა მოსახერხებელი იყოს. ეს ნებაყოფლობითი იქნება. ვფიქრობ, ბევრი დაინტერესდება QR კოდებით. 22 მაისიდან ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა.

მობრძანდნენ სერვის ცენტრებში და ჩვენი თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას. იქვე მათი თანხმობის შემთხვევაში ამოუბეჭდავენ საკუთარ QR კოდებს, რომელიც შეუძლიათ ავტომობილში განათავსონ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და სერვისის გაწევა შესაძლებელი იქნება ქალაქ თბილისის მერიის შემდეგ სერვის ცენტრებში:
• თბილისის მერიის სერვის ცენტრი – ჟ.შარტავას ქ. N7;
• სამგორის სერვის ცენტრი – მოსკოვის გამზირი N14;
• გლდანის სერვის ცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები