დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გატესტილია 13 644, მათგან 79-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სხვადასხვა ჯგუფის ინტენსიურ ტესტირებასა და ინფიცირების სტატისტიკაზე, დღეს, ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტაქსის მძღოლებში საკმაოდ დაბალი, 0,6%-ია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი.
“მიმდინარეობს ტაქსის მძღოლების აღრიცხვიანობა, რომელსაც ჩვენი სამინისტროს შრომის ინსპექციაც აკვირდება, თუ რამდენად იტესტებიანი ისინი 2 კვირაში ერთხელ. ამ პროცესის მონიტორინგი მიმდინარეობს.” – თქვა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკურ მონაცემებს სხვა ჯგუფებში:
◾ ბაზრის მოვაჭრეებიდან, ტესტირება ჩაუტარდა 7 284 ადამიანს და მათგან ვირუსი დაუდასტურდა 56-ს, რაც ნიშნავს 0.8%-იან დადებითობის მაჩვენებელს;
◾ რელიგიის მსახურებში გატესტილია 5 863 ადამიანი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია.
◾ ტესტი გაუკეთდა სკოლის 1 285 პედაგოგს და კოვიდდადებითი აღმოჩნდა 8.
◾ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და მაღაზიები, ინტენსიურად დაიწყო ტესტირება.
ამირან გამყრელიძის თქმით, მას გუშინდელი 24 საათის მონაცემებით ჰქონდა 1 033 ტესტირების მონაცემი და აქედან არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.