ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ“, – ნათქვამია განაცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს: მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ტაქსის ლიცენზია; ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91. ასევე ონლაინ საკომუნიკაციო არხებით – ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს “ფეისბუქ”-გვერდზე.