ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვის ვალდებულება აღარ ექნებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ მანქანას გადაღებვის ნაცვლად თეთრი ფერის ფირი გადააკრან.
“თეთრი ფერით გადაღების ნაცვლად, ტაქსის მძღოლები ავტომანქანას გადააკრავენ თეთრ ფირს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა”, – განაცხადა ელოშვილმა.
მერის მოადგილემ ტაქსის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისი იმსახურებს მოწესრიგებულ, თეთრი ფერის სუფთა ტაქსებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ლიცენზია 27 ათას მძღოლს აქვს აღებული.
“მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და ტაქსის მძღოლები, 27000 მძღოლი ვინც გაიარა ლიცენზირება, მათ მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის”,- განაცხადა ელოშვილმა.
ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება.