LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის ლიცენზიის გაცემის ვადის ამოწურვის გამო იუსტიციის სახლში რიგებია

125

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომხმარებლის ნაკადი ვმართოთ, თუმცა რეკორდული რაოდენობის გამო, ცხადია, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა.

აღნიშნული სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

„თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღიურად ემსახურება საშუალოდ 8500 მომხმარებელს, რა დროსაც მოქალაქეთა ლოდინის საშუალო დრო 5:36 წუთია. 2018 წლის 28 სექტემბრის 13:00 საათის მდგომარეობით, თბილისის ფილიალი მოემსახურა საშუალოდ 4411 მომხმარებელს, ხოლო მოლოდინში იმყოფება 2289 მომხმარებელი. ხსენებული ორი კონკრეტული სერვისი კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1-ელ ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

პირველ ოქტომბრამდე ეწურება ვადა ასევე ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღებას, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1-ელ ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია.

ჩვენ ვთხოვთ მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ, რომ არც ერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას,“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები