„ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქსის რეფორმა 1-ლი ოქტომბრიდან შედის ძალაში. მანათობლები მზადდება და თბილისში უახლოეს მომავალში ჩამოვა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ.
მერმა სხდომაზე მძღოლებს შეახსენა, რომ ტაქსი აუცილებლად ოთხკარიანი და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს. მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.