LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, არ შეიძლება ნათელა ბებო ბიულეტენებს ათი საათი ითვლიდეს: ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე

62
image-2022-01-14-133416

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებში დაიწყო თაობათა ცვლა და ერთადერთი ორგანო, სადაც ახალი თაობის შეშვება არ ხდება არის საარჩევნო ადმინისტრაცია.

თენგიზ თევზაძის განცხადებით, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

“600 საარჩევნო ბიულეტენის დათვლას ათი საათი არ უნდა სჭირდებოდეს – თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, არ შეიძლება ნათელა ბებო ბიულეტენებს ათი საათი ითვლიდეს” – განაცხადა თევზაძემ

როგორც მან აღნიშნა, ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში რაც შეიძლება მალე უნდა დაინერგოს, ხოლო ის, ვინც ამის მომხრე არ არის, საფრთხეა დემოკრატიის დამკვიდრებისთვის.

თენგიზ თევზაძე იმასაც ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგა ამ სფეროში ახალგაზრდების დაინტერესებას გაზრდის.

„სახელმწიფო ინსტიტუტებში თაობათა ცვლა დაიწყო. ერთადერთი ორგანო, სადაც ახალი თაობის, ახალი სისხლის შეშვება არ ხდება, საარჩევნო ადმინისტრაციაა. აუცილებელია ახალგაზრდობის, მოტივირებული ადამიანების საარჩევნო პროცესში ჩართვა. თუ გადახედავთ, თუ ვინ იღებს სამოხელეო გამოცდებში მონაწილეობას, ეს ის ადამიანები არიან, ვინც სხვადასხვა დროს იყვნენ ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის წევრები“, – განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

ცესკოს თავმჯდომარეობის შესარჩევი კომისია თევზაძის ორგანიზაციის “პლატფორმა 2020”-ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირით დაინტერესდა. როგორც გასაუბრებისას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” “პლატფორმა 2020-ის” რამდენიმე დამკვირვებელი “ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში” დაადანაშაულა. აღნიშნულთან დაკავშირებით თევზაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების დაკვირვების პროცესში ორგანიზაციის არც ერთი დამკვირვებლის კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეაქვს, ხოლო თუკი არჩევნების შემდეგ ვინმე რომელიმე პარტიის მხარდამჭერი გახდა, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

თენგიზ თევზაძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ის მიუკერძოებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური თავმჯდომარე იქნება.