7-8 დეკემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართება.
ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორისმომავალი თანამშრომლობის დამყარებისთვის.
წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, მასშტაბური ღონისძიებაა სესიების მარავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი სპიკერებიდან გამომდინარე. ფორუმს დაესწრება 800 მონაწილე, მათ შორის ასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი მომხსენებელი. ფორუმში მონაწილეობენ მერები საფრანგეთის და იტალიის ქალაქებიდან.
ფორუმი სახელწოდებით – „თანამედროვე მიდგომები ქალაქის განვითარებისთვის“ სამდღიანია. მასში გაერთიანებულია 12 თემატური სესია: გონიერი ქალაქები, მწვანე ქალაქები, ფონდების მოძიება, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, ინვესტიციები, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინფრასტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი გაწერილია ორ დღეზე. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 13 მოდერატორი, 103 პრეზენტატორი, მათ შორის 53 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი ტრანსპორტის, სტრატეგიების შემუშავების, ფონდების მოძიების, ინვესტიციების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ელ. მმართველობის მიმართულებებით.
2016 წლის LED ფორუმი ქალაქის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ერთგვარი პასუხია და საფუძველს ქმნის “გონიერი” და მოქალაქეების ჩართულობით ფორმირებული ქალაქების ჩამოყალიბების მიმართულებით. ფორუმი იძლევა საქმიანი შეხვედრების და დისკუსიების წარმართვის მრავალმხრივ შესაძლებლობას.
ფორუმის მონაწილეები არიან სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან.