LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის ვალდებულება 5 წლით გადაიწევს

111

თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულება 5 წლით გადაიწევს- შესაბამისი ნორმები 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს, გამარტივებული წესით, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს, რომელიც გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

ცვლილებების თანახმად, მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა ან/და განლაგების წესი 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად, 2022 წლის 1-ელ ივლისამდე დაამტკიცოს. შემოთავაზებული ცვლილებით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება, ნაცვლად 2018 წლის 1-ელი იანვრისა.

”კანონპროექტის მიზანია, თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვან შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედებამდე დამატებით შეფასდეს ახალი რეგულაციის ფისკალური ზეგავლენა და ასევე გათვალისწინებული იყოს ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული საწარმოო პროცესების სირთულე/მრავალფეროვნება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ამ პროცესში მონაწილე პირებს საშუალება მიეცეთ ადაპტირდნენ განსხვავებულ ბიზნეს-გარემოსთან და არ მოხდეს საბიუჯეტო შემოსავლების მყისიერი დანაკლისი, რაც მოსალოდნელია იყოს არსებითი”, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები