LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს გაძვირებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

79

თამბაქოს ნაწარმი 1 იანვრიდან გაძვირდება. პარლამენტმა ალკოჰოლურ სასმელებზე და სიგარეტზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო და „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეიტანა.

მიღებული ცვლილებებით, აქციზი ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) 0.20 ლარის ოდენობით იზრდება, უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) 0.05 ლარით, სიგარებზე( 1 ღერზე) 0.4 ლარით, სიგარილებზე (20 ღერზე) 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე (1 კგ-ზე) 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთის 5-დან 10 პროცენტამდე იზრდება.

ამასთან, 10 დან 15 ლარამდე აქციზის განაკვეთი გაიზრდება ვისკიზე, რომსა და ტაფიანზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე. სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე, გარდა ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალი ალკოჰოლური სასმელებისა, აქციზის განაკვეთი 10 ლარამდე გაიზრდება.

აღნიშნული ცვლილება, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევა. აქციზის გაზრდა 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 90 მილიონი ლარით გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები