„ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ სერიოზული პრობლმებია, ვფიქრობ, ზედა ეშელონებში გადახალისება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნება მისასალმებელია, ვინაიდან მმართველ პარტიაში არსებულმა არასტაბილურმა გარემომ, შესაძლოა ქვეყნის ინტერესები დააზიანოს. თამაზ მეჭიაური ასევე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გააქტიურობა იმის მანიშნებელიცაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული გამაერთიანებელი პირი ვერ მოძებნა.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, რამეთუ ნებისმიერი არასტაბიურობა, მათ შორის მმართველ პარტიაში, არ შეიძლება არ აისახოს მთლიანად ქვეყნის სტაბილურობაზე. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ძნელი აღმოჩნდა გამაერთიანებელი პიროვნების მოძებნა, ვინც ამ პარტიას შეკრავდა. „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ სრიოზული პრობლემებია. ვფიქრობ, გადახალისება უნდა მოხდეს ზედა ეშელონებში“, – აღნიშნმა თამაზ მეჭიაურმა.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ყოფილი-პრემიერ მინისტრის გვერდით, პარტიის ყოფილი წევრები, მათ შორის თამაზ მეჭიაურიც ვიხილოთ, მეჭიაურმა უპასუხა: „პარტიაში დაბრუნება არ დაბრუნება არ არის მთავარი, მთავარია, რომ ვიქნები ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მის გვერდით, რაც ქვეყნის სასარგებლოდ იქნება მიღებული. პარტიულობა ჩემთვის არ არის აუცილებელი“.